ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. პროექტი ითვალისწინებს 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით,ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
"ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტმანეტში.
უწყების ინფორმაციით, წნორის შემოვლით გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „China Road and Bridge Corporation“ ააშენებს. მშენებლობის დასრულების ვადა 2 წელია.
მათივე განმარტებით,კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარე წლის ივლისში გახსნილი ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15 კმ-იან მონაკვეთის - გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობით დაიწყო, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა.
დეპარტამენტის ინფორმაციით,ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაში კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას საერთო ჯამში, 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია მოხმარდება.
business-partner.ge