ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა ზაფხულის სეზონს საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურით ხვდება
ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა ზაფხულის სეზონს საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურით ხვდება. ცაგერის გამგებელი რევაზ ბენიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კურორტზე არსებული სანატორიუმი წლების განმავლობაში არ გაკეთებულა, თუმცა ის დამსვენებელს მაინც იღებს.
სტუმრებს ძირითადად უკრაინელი და რუსი ტურისტები წარმოადგენენ. ბენიძის განცხადებით, ლაშიჭალაში ჩასული დამსვენებლების განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც ხდება.
კურორტის განვითარებით რომ ყაზახები, რუსები და უკრაინელები ინტერესდებოდნენ, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებდა. დღეს ცაგერის გამგებელი რევაზ ბენიძე აცხადებს, რომ მომზადებულია საინვესტიციო წინადადებები, თუმცა მათთან რეალური სურვილით არავინ მისულა.
მისი განცხადებით,კურორტზე პრობლემას ქმნის სოფელი ლაჯანურიდან ლაშიჭალამდე დამაკავშირებელი გზა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც ბენიძე განმარტავს, უახლოეს მომავალში აშენდება ლაჯანურჰესების კასკადი, რომლის მშენებელი კომპანიაც აღნიშნული გზის მშენებლობასაც გეგმავს. „მას შემდეგ რაც მოგვარდება ეს პრობლემა, ბევრად ადვილი იქნება კურორტზე დაკავშირება და ინვესტორებიც ალბათ, უფრო მეტად დაინტერესდებიან"-აცხადებს ბენიძე.
მისი განცხადებით, მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია სპა კურორტები, ჩვენთან კი ამის საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. კითხვაზე, თუ არსებობს ამის პოტენციალი, რატომ არ/ვერ განვითარდა აქამდე ლაშიჭალა, ბენიძე განმარტავს, რომ შესაძლოა, ამაში ადგოლობრივი მუნიციპალიტეტის ბრალეულობაც იყო. მისი თქმით, რეგიონში ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემაა. „ვერ ვიცლით, ჯერ ჩვენ უნდა დავალაგოთ სიტუაცია გზებზე, სამუშაო ადგილების, რაიონი გარკვეულწილად განვავითაროთ და ინვესტიციები შემდეგ შემოვა"-აცხადებს ბენიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე 2016 წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.
რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას, ის ცაგერიდან 20 კმ-ში მდებარეობს. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge