2020-2021 წლებში, აჭარაში 100-მდე ტურისტული ობიექტი გაიხსნა. მიუხედავად პანდემიისა რეგიონს სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კოტეჯები და გლემფინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაემატა. ტურისტული ობიექტების 60% მთიან აჭარაში ამოქმედდა, 40% კი ბათუმსა და ქ. ქობულეთში. „ეკოჰაუს მერისი“, „ჰილლ ინნ“, “სანლენდი“, „გლემფინგ თაგო“, „ვუდჰაიდი“, „ვუდფექერი“ „სანლენდი“ იმ ობიექტებს შორისაა, სადაც ტურისტებს აჭარის ულამაზეს ბუნებაში გლამურული კემპინგის საშუალება აქვთ. გარდა კოტეჯებისა რეგიონს ასევე შეემატა ისეთი მაღალი კლასის სასტუმროები, როგორებიცაა „ლიც რეზორტი“ „გონიო როშე“, „ამბასადორ გოდერძი“, „პანორამა კვარიათი“ და ტურისტული კომპლექსი „შატო კვირიკე“.
მთიან აჭარას ახალ ტურისტულ ობიექტებთან ერთად ახალი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებებიც დაემატა. კანიონინგი სოფელ უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ჯვარიმინდორზე, კაპნისთავის, ჩირუხისა და ღორჯომის ტურისტული მარშრუტები იმ ახალ მიმართულებებს შორისაა, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში შექმნა. სააგენტო მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროექტების განხორციელების მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს. წელს, დაიწყება ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
avianews.ge