ქართულ ბაზარზე Calvin Klein-ის პირველი მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა - საზოგადოების მხრიდან აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა
„ჩვენი გეგმები საკმაოდ ამბიციურია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ Calvin Klein-ის განვითარების ხელმძღვანელმა სერგეი პარფიონოვმა განუცხადა.
პარფიონოვის თქმით, Calvin Klein Jeans-ის მაღაზიის გახსნაზე საზოგადოების მხრიდან აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. მან ჩვენთან ბრენდის სამომავლო, ამბიციურ გეგმებზეც ისაუბრა.
„ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ბრენდის და გალერია თბილისის გახსნა ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ Calvin Klein-ის პირველი ოფიციალური მაღაზია ვადების დაცვით გაგვეხსნა. საზოგადოების ინტერესმა ჩვენ მოლოდინსაც კი გადააჭარბა, რაც ორმაგად სასიამოვნოა.
ფაქტია, რომ ბაზარზე მორგებული საფასო პოლიტიკით და ბრენდისთვის ჩვეული მაღალი ხარისხის კოლექციით, საქართველოში ჩვენი პირველი ნაბიჯები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი გეგმები საკმაოდ ამბიციურია“, - აღნიშნა სერგეი პარფიონოვმა.
როგორც ბრენდის განვითარების ხელმძღვანელმა აღნიშნა, Calvin Klein-ი დამატებით კიდევ ორი მაღაზიის გახსნას გეგმავს,
„ხუთი წლის განმავლობაში, კიდევ ორი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, თუმცა შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს. ზუსტ ადგილმდებარეობას მომავალში გავაჟღერებთ. დროთა განმავლობაში ბრენდის საქართველოში განვითარება მისი მოთხოვნადობიდან გამომდინარე მოხდება. დეკემბერში ბრენდი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც ძალიან სიმობლურია, რადგან ეს ღონისძიება საქართველოში მაღაზიის გახსნით აღინიშნა“, - განაცხადა პარფიონოვმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ დეკემბერს „გალერია თბილისში“ საქართველოსა და რეგიონში Calvin Klein-ის ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. ბრენდის და ადგილობრივი წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, Calvin Klein თავდაპირველად ქართულ ბაზარზე მისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ხაზით - Calvin Klein Jeans-ით შემოვიდა, რომელიც გარდა ჯინსისა, აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სრულ ასორტიმენტს - Casual Look-ის ფარგლებში.
გარდა ამისა, გლობალური ბრენდის პირველ ოფიციალურ მაღაზიაში წარმოდგენილია ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრული სპექტრი - ორიგინალური დიზაინის და უმაღლესი ხარისხის ჩანთები, საფულეები, საათები, CK ბიჟუტერია, ექსკლუზიური პარფიუმერია და სათვალეების ხაზი.
მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თეთრეულის ხაზის - CK Underwear-ის პროდუქციის შეძენაც საქართველოში პირველად იქნება შესაძლებელი.