ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭიათურის საბაგირო და დავით გარეჯი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების 12 ფინალისტს შორისაა
17 იანვარი, 2018

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა.

როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში.

რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან, იგი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად.

12 ძეგლის წინასწარი ნუსხა ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგა; ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია, მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდება.

ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი - იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.

ქართულ ძეგლებთან ერთად, 12 ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.