ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად რჩება
22 დეკემბერი, 2017

ღვინის ეროვნული სააგენტო ჩინეთის ბაზარს სტრატეგიულ ბაზრად აღიარებს. სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო 2018 წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობებზე გიორგი სამანიშვილმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ისაუბრა. სააგენტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ იბინში (Yibin) გამართულ გამოფენა-ფორუმში "China international Spirits Culture Festival 2017” მონაწილეობდა, სადაც საქართველო, საფრანგეთთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, სიჩუანის პროვინციის გუბერნიისა და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, აბრეშუმის გზის პროექტ - "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში.

გიორგი სამანიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები სიჩუანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ კომერციულ პირებთან გამართა, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.