ჩურჩხელის, ხვანჭკარისა და ქინძმარაულის გემოს ნაყინები – სტუდენტური ბიზნესი Ice ‘N Rolls
ხვანჭკარისა და ქინძმარაულის ღვინო ქართველებისთვის საამაყოა, ახლა უკვე იმითაც შეიძლება ვიამაყოთ, რომ ჩურჩხელის, ხვანჭკარისა და ქინძმარაულის გემოს ნაყინებიც შეგვიძლია დავაგემოვნოთ. მით უფრო რომ ნაყინს ქართული გემოებით ქართველი სტუდენტები ქმნიან.
ბევრი ნაყინის ახალ გემოებს ალბათ უკვე გაეცნო. როგორც “აწარმოე საქართველოში” იუწყება, „აის ენ როლსის“ (Ice ‘N Rolls) ბრენდის ისტორია 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ორ სტუდენტს გიორგი რაზმაძეს და ნიკა ჩუგოშვილს გაუჩნდა იდეა, შეექმნათ მომხმარებელზე მორგებული, ინოვაციური და ქართული ელემენტებით დატვირთული ნაყინის როლები.
სააგენტომ სტუდენტების ფართო საზგადოებისთვის გაცნობა გადაწყვიტა და მათთან ინტერვიუც შემოგვთავაზა.
კომპანიის სლოგანი „შექმენი შენი ნაყინი-Roll Your Ice-Cream” ზუსტად ასახავს ნაყინის დამზადების კონცეფციას, სადაც მომხმარებელს შეუძლია თვითონ შექმნას სასურველი გემო და ნაყინი.
“ძალიან რთული იყო ორი სტუდენტისთვის მსგავსი სტარტაპის წამოწყება, თუმცა სწორედ ჩვენმა მოტივაციამ და სტიმულმა შეგვაძლებინა შეგვექმნა ის, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია ქართველ მომხმარებელში“ – ამბობენ იდეის ავტორები და საკუთარი პროდუქციის უპირატესობებზე საუბრობენ.
“ჩვენი კომპანია, მომხმარებელს ყველაზე მეტ ინგრედიანტს სთავაზობს, სადაც 8 სახეობის ალკოჰოლური ნაყინი შედის. აღსანიშნავია, რომ ორი ქართული ღვინით (ხვანჭკარა და ქინძმარაული) მზადდება. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ღვინისა და ჩურჩხელის საოცარი კომბინაციით ყველაზე ქართული ნაყინი მიიღო და შესთავაზა ქართველ ნაყინის მოყვარულებს. ამას გარდა, გემოები მუდმივად დინამიურად ვითარდება, ვცდილობთ ყოველდღე დავხვეწოთ, დავამატოთ ახალი და განსხვავებული გემოები, მომხმარებლის გემოვნებიდან გამომდინარე. დახვეწილი სტილით, მუდმივი სიახლეებითა და გემოვნებიანად შერჩეული ინგრედიანტებით ჩვენი ნაყინი უკეთესს სერვისს, გემოსა და პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს”, – ამბობენ სტუდენტი სტარტაპერები.
ნაყინის დასამზადებლად გამოყენებული მასალა საქართველოშია დამზადებული. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე სახეობის ხილი და ალკოჰოლური სასმელი, რომელიც საქართელოში ფიზიკურად არ მზადდება.
ამბობენ, რომ განსაკუთრებით მოთხოვნადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ბეილისისა და კარამელის ნაზავი თხილთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყინის როლია მენიუში. ნაყინების ძირითადი მომხმარებელი ჩვენი მომხმარებელი ძირითადად 17-26 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად აინტერესებთ სიახლე და სურთ განსხვავებული პროდუქტის გასინჯვა. რაც შეეხება Ice ‘N Rolls-ის ქართულ ნაყინს ღვინით, მას ქართველი მომხმარებლის გარდა, ბევრი ტურისტიც დიდი ინტერესით აგემოვნებს და რაც მთავარია კმაყოფილები რჩებიან.
www.bpi.ge