CONNECT 2018-ის პერსპექტივები - საქართველოს ბაზრით შესაძლოა ცნობილი ავიაკომპანიები დაინტერესდეს
თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს CONNECT 2018-ს მასპინძლობს. CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე იმედოვნებს, რომ ღონისძიების საქართველოში ჩატარება კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.
მისი თქმით, საქართველოში ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით რეკლამა საავიაციო სექტორში 6-7 თვის განმავლობაში ტრიალდება.
„რეკლამაში საუბარი რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და რისი შეთავაზება შეგვიძლია. ეს არის მყისიერი ცნობადობის ამაღლება საქართველოზე. ღონისძიების ფარგლებში ჩამოდის 500-ზე მეტი დელეგატი. ეს არის ტურიზმში პირდაპირი კონტრიბუცია. ეს ადამიანები ნახულობენ საქართველოს, ზოგიერთი ადრე ჩამოვიდა თბილისის დასათვალიუერებლად, ზოგიც ღონისძიების შემდეგ აპირებს დარჩენას და აგრძელებს საქართველოში მოგზაურობას. ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი შემხვდა და მითხრა, აღფრთოვანებულია საქართველოთი, მას შემდეგ რაც საპასპორტო კონტროლის დროს ღვინო მიიღო. თქვა, რომ არა ეს ღონისძიება ვერასოდეს შეძლებდა საქართველოში სტუმრობას და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობას. აქ არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას სად უნდა იფრინოს ამა თუ იმ ავიაკომპანიამ.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის ახალი ავიაკომპანია, ახალი მგზავრები, პირდაპირი შემოსავალი აეროპორტისთვის და ყველა იმ სექტორისთვის, რომელსაც კავშირი აქვს მგზავრობასა და ტურიზმთან“, – აცხადებს ქეთევან ალექსიძე.
ალექსიძის თქმით, ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით.
აღნიშნა, რომ ბევრ ავიაკომპანიასთან ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვიზალიბერალიზაციის შეთავაზება, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალიან მომხიბვლელია ავიაკომპანიებისათვის. ბევრი შეხვედრა გაქვს ჩანიშნული და ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგები გვექნება. შეიძლება ეს არ იყოს ხვალ, მაგრამ იყოს მომავალში.”
ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.
ევროპული ავიაციის ცენტრად საქართველოს დედაქალაქი 22 თებერვლამდე იქნება და საკმაოდ ბევრ შეხვედრას უმასპინძლებს.

www.travelingeorgia.ge