ბიზნესმენი დავით კოდუა თბილისში ორი ბრენდული სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს. საქმე ეხება ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე ასაშენებელ ობიექტებს. ჭავჭავაძეზე Radisson Red-ის სასტუმრო უნდა აშენდეს, მელიქიშვილზე კი Hampton by Hilton-ის სასტუმრო.
როგორც ბიზნესმენი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, მელიქიშვილის პროექტთან დაკავშირებით მერიისგან ნებართვა აქვთ, თუმცა ჭავჭავაძის გამზირზე საბოლოო თანხმობის მიღებას ვერ ახერხებენ. “ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში გვაქვს, მერიას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს მეზობლები აპროტესტებდნენ მშენებლობას, თუმცა მათი თანხმობის დოკუმენტი უკვე წარვადგინეთ და ველოდებით პასუხს“ - აცხადებს დავით კოდუა.
მისივე ინფორმაციით, ორივე სასტუმროსთვის ერთი საკრედიტო ხაზია გამოყოფილი, ამიტომ მათი მშენებლობა ერთდროულად უნდა დაიწყოს.
მშენებლობის დაწყებიდან ჭავჭავაძეზე პროექტის დასრულებას წელიწადნახევარი დასჭირდება. ბრენდთან შეთანხმების მიხედვით, სასტუმრო Radisson RED 2019 წელს უნდა გაიხსნას.
სასტუმრო 100 ნომრისგან შედგება. საინვესტიციო ღირებულება კი 7-8 მილიონი დოლარია. ხელშეკრულება თბილისში სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით გასულ წელს გაფორმდა.
სასტუმრო განკუთვნილი იქნება ბიზნეს მოგზაურებისთვის, აქვე იქნება რესტორანი, ტერასა და ბარი.
2019 წელს უნდა გაიხსნას მელიქიშვილის გამზირზე Hampton by Hilton-ის სასტუმროც. პროექტი 7-სართულიანი სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს. საინვესტიციო ღირებულება 8-10 მილიონი დოლარია.

ავტორი: სალომე სოსელია
commersant.ge