ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დედაქალაქში ელექტრონული პორტალი „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა
13 თებერვალი, 2018

თბილისის მერს სტერეოტიპების რღვევა სურს. ამბობს, რომ წლების განმავლობაში მიდგომა ავირჩიოთ ქალაქის მთავრობა და ყველაფერს თავად მიხედონ, არასწორია. კახა კალაძე მზად არის იდეეები ქალაქის განვითარებაზე მოსახეოლისგან მიიღოს და საამისოდ შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც უკვე შეიქმნა.

„გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობა იყოს ჩართული. დავიწყეთ მუშაობა, რათა შეგვექმნა სპეციალური პლატფორმა იმისთვის, სადაც შეიძლებოდა დედაქალაქის მოსახლეობას კონკრეტული პროექტები წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ქალაქის განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ელექტრონული პორტალის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს.

„თუ პროექტი საინტერესო იქნება, მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს. ვიმედოვნებ, პროექტებში ბევრი მოქალაქე ჩაერთვება და ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის აქტუალური იქნება. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქის საკეთილდღეოდ თქვენი იდეები განვახორციელოთ“, - აღნიშნა მერმა.

ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდგომ ვებგვერდზე ავტორიზაციას შეძლებთ. არსებულ იდეაზე ხმის მისაცემად ვებგვერდზე რეგისტრაცია/შესვლა აუცილებელი არ არის. რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ახალი იდეის დამატების მსურველთათვის.

იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი, მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.