ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შენგენში შესვლის წესები იცვლება - საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში დამატებით განმარტებებს აკეთებენ
26 ოქტომბერი, 2017

ევროკავშირის, შენგენის ზონაში მგზავრობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკთებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ვახტანგ მახარობლიშვილის აზრით, ავტორიზაციის ახალი სისტემა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლას არათუ გაურთულებს, არამედ გაუადვილებს. მისი თქმით, წინასწარი ავტორიზაციის გავლა შეამცირებს საზღვრიდან უკან გამობრუნების ალბათობას. მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ გააიგივებენ ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) ვიზის დაბრუნებასთან.

როგორც ცნობილია, ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსთან შენგენის ზონაში მგზავრობის წესების გასამკაცრებლად მოლაპარაკებებს იწყებს. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოლაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან. შენგენის ზონაში მგზავრობის მსურველებს მოუწევთ ელექტრონული ფორმის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ პირადი მონაცემები, მგზავრობის მიზანი და სად აპირებენ გამგზავრებას. სამგზავრო ნებართვის აღების ღირებულება  კი, 10 ევრო იქნება.

„ეს ნამდვილად არ გაართულებს შენგენის ზონაში მოგზაურობას, გარკვეულწილად, ალბათ, გაადვილებს კიდევაც, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით თუ შესაძლოა მოქალაქეს საზღვარზე შექმნოდა პრობლემა უკან გამობრუნების კუთხით, ამ აპლიკაციის შევსების შემდეგ ეს ალბათობა კიდევ უფრო შემცირდება. შესაბამისად, დაიზოგება თანხაც და დროც. მე მგონი, არ უნდა შევხედოთ ამას კრიტიკული ფორმით. ევროკავშირი უბრალოდ ცდილობს, გააძლიეროს თავისი შიდა უსაფრთხოება და მსგავს ზომას ღებულობს, რაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ხანია აქვს. ევროკავშირის მოქალაქე როცა მიემგზავრება ამერიკაში, მას არ მოეთხოვება ვიზა, მაგრამ ინტერნეტში ისიც ავსებს რამდენიმე გვერდიან კითხვარს და ელოდება პასუხს. ამიტომ, მე მოვუწოდებდი საზოგადოებას, ნუ გააიგივებენ ამას ვიზის დაბრუნებასთან. ეს არ არის ვიზა, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატია და ბევრად უფრო ნაკლები მოთხოვნები. უბრალო კითხვარსაც არ დავარქმევდი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხს მაინც უნდა დაველოდოთ, მაგრამ ეს არ არის ვიზის აღება ან რამე მსგავსი“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. 

მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ახალი რეგულაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება კონსულტაციები. ამ ეტაპზე, ევროკავშირს მიზნად აქვს დასახული, რომ ETIAS 2020 წლიდან შემოიღოს, თუმცა ეს ჯერ ფაქტი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ. 

ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. 

ევროზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის რეგულაციების გამკაცრებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.