ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის - თბილისში 20:00 საათზე დაწყებული ეკონომიკური აქტივობა დილამდე გაგრძელდება
თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარება იწყება. განვითარების დეტალები თბილისის მერმა და პროექტის ხელმძღვანეკლმა თბილისელებს ერთობლივად წარუდგინეს.
ღამის ეკონომიკა ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობს, დაიწყება 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება.
პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.
პროექტის მიზანია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება, საღამოსა და ღამის საათებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება, თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.
„გვქონდა რამდენიმე მიმართულება, ვსაუბრობდით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე, ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ქალაქის კეთილმოწყობაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ქალაქში ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ღამის ეკონომიკის განვითარებაა. ერთ-ერთი საკითხია ხმაურის რეგულირება. ვიცით, რომ უსაფრთხოების საკითხები სერიოზული პრობლემაა. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სერგი გვარჯალაძის თქმით, 20:00 საათიდან, ქალაქში განსხვავებული ტიპის ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იზრდება გართობის, დასვენებისა და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა.
„საქართველოში ტურიზმის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს, საიდანაც ბიუჯეტში 2.75 მლრდ აშშ დოლარი შევიდა. 2025 წლისთვის, საქართველო 11 მლნ ვიზიტორს ელოდება. არსებული სტატისტიკის მიხედვით, მათი 50% ქალაქ თბილისზე მოდის. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მათი ვიზიტის დღეების რაოდენობა გავზარდოთ, რომელიც დაახლოებით, 2.5-3 დღეს შეადგენს. დღეს სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი ქალაქში გამოდის, ძირითადად, რამდენიმე უბანში მოძრაობს და ფაქტობრივად, საშუალება არ აქვს, სხვა უბნებსაც გაეცნოს“, - აღნიშნა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა.
სერგი გვარჯალაძე ღამის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად ასევე, ელექტრონულ მუსიკასა და კრეატიულ ინდუსტრიას ასახელებს, რომლებიც მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე საკმაოდ წარმატებული და პოპულარულია.
პროექტის განხორციელებით, სარგებელს მიიღებს დედაქალაქის მოსახლეობა, ხელი შეეწყობა მცირე და მიკრო მეწარმეების საქმიანობას, საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე, გაიზრდება დაინტერესება ინვესტორებისა და ტურისტების მხრიდან, ახალი შესაძლებლობები და სივრცეები შეიქმნება ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
www.travelingeorgia.ge