ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდაური ახალ სეზონს ძველი პრობლემებით შეხვდა - როდის გახდება გუდაური „მსოფლიო სტანდარტების“ კურორტი
14 დეკემბერი, 2017

გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა. მიუხედავად, ხელისუფლების დაპირებისა, რომ გუდაური მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი კურორტი იქნებოდა, დღემდე ამის გაკეთება ვერ მოხერხდა — გუდაურს მსოფლიო სტანდარტების კურორტის სტატუსი არც წელს ექნება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, მაღალმთიან კურორტზე ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში წყალგაყვანილობის ახალი სისტემები დამონტაჟდა, სასტუმროს მფლობელები მაინც პესიმისტურად არიან განწყობილები და არ გამორიცხავენ, რომ კურორტის სრულად დატვირთვის შემხვევაში წყლის მიწოდების პრობლემა ისევ შეექმნება. 

გუდაური, კურორტი, რომელიც დედაქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ზამთრის სეზონზე დამსვნებლებს უკვე იღებს. სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ახალი წლისთვის მათთან ადგილები თითქმის 100%-ით უკვე დაჯავშნილია. მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, კურორტი ამ სეზონსაც პრობლემებით შეხვდა. 

სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორი ირაკლი მამფორია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები კურორტზე ისევ არსებობს.„განსაკუთრებით პრობლემებია წყალთან დაკავშირებით. უწყლოობა კი კურორტზე ბიზნესის განვითარებისთვის სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია. გუდაური ვითარდება, თუმცა ამ მიმართულებით მეტის გაკეთებაა საჭირო“, - განმარტა ირაკლი მამფორიამ. მისივე თქმით, სასტუმრო „მარკო პოლოში“ ახალი წლისთვის ნომრების 100%-ი დაჯავშნილია.

გუდაურში მდებარე კიდევ ერთი სასტუმროს, „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალიააღნიშნავს, რომ ბევრი პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. „თითქმის ყველა პრობლემა, რაც ამ დრომდე არსებობდა, კვლავ უცვლელი რჩება. ძირითადი პრობლემა არის სასტუმრომდე მისასვლელი გზა, საფეხმავლო ბილიკის არარსებობა რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

მომსახურების სფეროშიც არის სერიოზული პრობლემები. სასტუმროში ახალი თანამშრომლის ადგილზე ძებნა პრაქტიკულად, შეუძლებელია, მითუმეტეს გამოცდილი კადრის. ამიტომაც პერსონალი თბილისისდან ჩამოგვყავს“, - განაცხადა ირაკლი კუტალიამ.

რაც შეეხება ჯავშნების რაოდენობას კუტალია აღნიშნავს, რომ „ამ ეტაპზე სასტუმროების რაოდენობა ახალი წლის ჩათვლით 100%-ით დაჯავშნილია. ხოლო იანვრის მეორე ნახევრიდან სასტუმროს 60%-ია დაჯავშნილი. ყველაზე მეტი სტუმარი რუსეთიდან და პოლონეთიდან გვყავს“, - აღნიშნა სასტუმროს დირექტორმა.  

GOOD INN Hotel-ის დამფუძნებელი გიორგი ბოკუჩავა „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „შიდა გზების და წყლის პრობლემა კვლავ უცვლელი რჩება. გუდაურში ახალი წყალგაყვანილობის სისტემებია დამონტაჟებული, თუმცა ზამთარში ვშიშობთ, რომ ამ მხრივ პრობლემები მაინც შეგვექმნება.

ჩვენი მხრიდან იყო თხოვნა, რომ ამ სეზონზე წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში ყოფილიყო, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. პრობლემის არსებობის შემთხვევაში მასზე შემდგომი რეაგირება დაგვინებული იქნება“, - განმარტა ბოკუჩავამ.

სასტუმროს დამფუძნებელის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა შიდა გზებია: „გუდაურში ტროტუარი საერთოდ არ არსებობს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გადაადგილება ტრანსპორტთან ერთად სიცოცხლისთვის საშიშია, თანაც ზამთრის კურორტზე. ამ პრობლემას დღემდე ყურადღება არავინ არ მიაქცია“, - განაცხადა გიორგი ბოკუჩავამ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.