ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ბრიტანელი მაგისტრი: ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ახალია, მაგრამ მასზე ინტერესი მზარდია
19 თებერვალი, 2018

ღვინის მაგისტრი დიდი ბრიტანეთიდან სარა ებოტი ბრიტანეთი სბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივას ხედავს. იგი ამბობს, რომ ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი მზარდია.

ამავდროულად ღვინის ბრიტანელი მაგისტრი წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება ქართული ღვინის ტრეინინგ პროგრამების ჩატარებას აანონსებს და ამბობს, ეს მნიშვნელოვანია, რათა ღვინით მოვაჭრეებმა მიიღონ ინფორმაცია ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ხასიათზე.

„ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ძალიან ახალია, თუმცა ჩვენ მზარდ ინტერესს ვხედავთ მეღვინეების მხრიდან. შეხვედრა გვქონდა ქართული ღვინის მწარმოებლებთან. ჩვენ მათ გავაცანით გასული წლის შედეგები, რომელიც საკმაოდ კარგი იყო. ასევე მოკლედ მიმოვიხილეთ 2018 წლის სტრატეგია და საქმიანობის გეგმა. 2017 წელს ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ქართული ღვინის იმპორტიორებთან, რათა დავხმარებოდით მათ ღვინის მრავალფეროვნების ხელშეწყობაში, ჩამონათვალის გაფართოებაში, ასევე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში, ჩავატარეთ საფერავის მასტერკლასები ამ უნიკალური ქართული ყურძნის შესახებ, ასევე გავმართეთ ქართული თეთრი ღვინის და უნიკალური ქვევრის ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. 2018 წელს ამ შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ბაზრის განვითარებისთვის, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ქართული ღვინის იმპორტიორების მხარდაჭერა“ - აღნიშნა სარა ებოტმა. 

ბრიტანელი მაგისტრი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში შეხვდა მათ დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, გაყიდვების ახალი სტრატეგია და მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ეს ქართული ღვინის ბრიტანეთის ბაზარზე ხელმისაწვდომობასა და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

„ბრიტანეთის ბაზარი უმნიშვნელოვანესია და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების პოტენციალი აქვს. სარა ებოტი არის მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრი, რომელიც არის ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი და წარმომადგენელი ბრიტანეთის ბაზრზე, იგი ახორციელებს ქართული ღვინის პრომოციას ამ მნიშვნელოვან ბაზრზე. დიდ ბრიტანეთში წელსაც აქტიურად ვიმუშავებთ, გაიმართება მნიშვნელოვანი დეგუსტაციები, რომელსაც პოტენციური იმპორტიორები დაესწრებიან, ჩატარდება მასტერ-კლასები და სემინარები ქართული ღვინის შესახებ“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანიასთან ,,სვირლ ვაინ გრუფ“ („Swirl Wine Group“) 2017 წლიდან თანამშრომლობს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.