ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ღვინტესტი“: „კომპანიებმა ღვინის ბოთლების ვიზუალური მხარე უნდა შეცვალონ“
04 დეკემბერი, 2017

„სამწუხაროდ, ჯერ ბევრი რამ გვაკლია და ღვინის იდეალური ქვეყნისგან ამ ეტაპზე შორს ვართ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ღვინტესტის“ დამფუძნებელმა ვანო შიუკაშვილმა განუცხადა.

„ღვინტესტი“ 30 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ღვინის ლაბორატორია და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში კახეთში (ყვარელი) ორმა მეგობარმა დააფუძნა. როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვანო შიუკაშვილი „კომერსანთან“ საუბრისას აცხადებს, თავად მევენახე-მეღვინეა და წლების განმავლობაში ის მარნებს კონსულტაციას უწევდა. კომპანიის შექნმის იდეაც სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდა. შიუკაშვილის თქმით, ლაბორატორიის შექმნაში ჩადებული საწყისი კაპიტალი საკუთარი სახსრები იყო და 5 000 ლარს შეადგენდა.

 

- ბაზარზე ღვინტესტის სახით სრულიად განსხვავებული და ინოვაციური სტარტაპი შემოვიდა. თუმცა რა თქმა უნდა, თქვენი საქმიანობის შესახებ ცოტა ადამიანმა თუ იცის. დეტალურად გვიამბეთ, რა არის ღვინტესტი და რას ემსახურება ის?

- ღვინტესტი ღვინის ლაბორატორია და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მცირე მარნების განვითარებას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით კი კახეთში მცირე ღვინის მარნები მომრავლდა. აქედან გამომდინარე, ეს თემაც გააქტიურებულია. თუმცა სამწუხაროდ, ამ სფეროში შესაბამისი ცოდნა მწირია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საკონსულტაციო ცენტრი შეგვექმნა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ვუგეგმავთ ყველა სფეროს, რაც ღვინის წარმოებას სჭირდება.

ჩვენი ბიზნესი დიდ ქარხნებთან თანამშრომლობას გამორიცხავს, რადგან მათ საკუთარი ლაბორატორიები აქვთ. მეღვინეებს მევენახეობის საკითხებში კონსულტაციას ვუწევთ - დიზაინს ვუგეგმავთ, ასევე ღვინის წარმოებაში და მათ რეალიზაციაში ვეხმარებით. ჩვენი ლაბორატორია კახეთში მდებარეობს და სერვისით მომსახურება მინიმალურ ფასად ხდება.

 - საინტერესოა, მეღვინეებს კონსულტაციას ვინ უწევს?

- ჩვენი გუნდის წევრები კვალიფიციური კადრები არიან. ღვინტესტს ჰყავს მაღალკვალიფიციური მევენახე, მეღვინე, ლაბორანტები, დიზაინერ-მარკეტერი, ფინანსისტი და პიარ-მენეჯერი. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია უმარტივესი ტექნიკით. სწორედ ამიტომ მომსახურების დაბალ ფასს ვინარჩუნებთ, თუმცა ჩვენთან ფიქსირებული ფასი არ არსებობს და ის მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება.

- ბაზარზე ახალი შემოსულები ხართ. რამდენად მოთხოვნადია თქვენი მომსახურება?

- მოთხოვნა იმაზე მეტადაა, ვიდრე ჩვენ ეს გათვალისწინებული გვქონდა. ეს ბაზარზე მოთხოვნილებამ და ჩვენი კომპანიის დაბალმა საფასო პოლიტიკამ გამოიწვია. ბაზარზე ჩვენ გარდა ღვინის საკონსულტაციო ცენტრი არ არსებობს, შესაბამისად, ამ სფეროში კონკურენტი არ გვყავს.

 

- ჩვენი ღვინო ბევრ ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ბოლო წლების განმავლობაში უცხოეთის ბაზრებზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სრულყოფილი პროდუქციის წარმოებისთვის და ღვინის ექსპორტის ზრდისთვის კვლავ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. როგორ ფიქრობთ, ამ სფეროს უკეთ განვითარებისთვის ამ ეტაპზე ქართული ღვინის ბაზარს რა აკლია?

- სამწუხაროდ, ჯერ ბევრი რამ გვაკლია და ღვინის იდეალური ქვეყნისგან ამ ეტაპზე შორს ვართ. აუცილებელია, ღვინის ხარისხი არ დაეცეს და ის სტაბილური იყოს. ეს ეხება როგორც დიდ, ისე მცირე მარნებს. მცირე მარნები ადგილობრივ ბაზრებზე მუშაობენ, რადგან საზღვარგარეთ მისი მოძიება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული.

აგრეთვე მნიშვნელოვანია მეტი პიარი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ღვინის წარმოების საუკუნოვანი ისტორია გვაქვს. ასევე გამოსასწორებელია ჩვენი ღვინის ბოთლების ვიზუალური მხარე, კომპანიებმა ღვინის ბოთლების ვიზუალური მხარე უნდა შეცვალონ.

დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების დონეს. კვალიფიციური კადრების არარსებობა ჩვენთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქვეყანაში მცირე რაოდენობით გამოცდილი კადრი გვყავს.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყანაში ღვინის ექსპორტის პრობლემა დგას. სახელმწიფომ ამ მიმართულებით რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას?

- ვიდრე სახელმწიფოზე ვისაუბრებდე ვიტყოდი, რომ ამ სფეროთი ახალგაზრების მხრიდან მეტი დაინტერესება უნდა იყოს. დღეს რამდენიმე უნივერსიტეტში და პროფესიულ სასწავლებელში ამ მიმართულებით განათლების მიღება შეიძლება, თუმცა ამ სფეროს გარკვეული ხარვეზები აქვს.

რაც შეეხება სახელმწიფოს აქტიურობას, რა თქმა უნდა, მან დიდი როლი უნდა ითამაშოს, თუმცა იმაზე მეტი არ უნდა გააკეთოს, ვიდრე ეს თავად კომპანიებს მოეთხოვებათ. კომპანიებმა სახელმწიფოზე მეტი უნდა გააკეთონ, თუმცა ამ ეტაპზე ეს პირიქით ხდება.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.fe


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.