მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმროების ქსელი თელავში შედის. მომავალი წლის ზაფხულში კახეთში კომპანია IHG-ის ერთ-ერთი ბრენდი Holiday Inn გაიხსნება. სასტუმროების ქსელების მფლობელი ყველაზე დიდი კომპანია მთლიანობაში 12 ბრენდის სასტუმროს აერთიანებს, ერთ-ერთი კი Holiday Inn-ია. შედეგად მსოფლიო ბრენდის 744 ათას სასტუმრო ნომერს საქართველოში კიდევ 85 შეემატება. თელავში მდებარე სასტუმრო მესამე Holiday Inn იქნება საქართველოსთვის, კახეთისთვის კი პირველი ბრენდული სასტუმრო.
ობიექტის გახსნა თელავში შპს "სასტუმრო თელავმა" გადაწყვიტა. კომპანია საქართველოში მოქმედი ბიზნესჯგუფის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. სასტუმრო ბიზნესი კი მათთვის ახალი გამოცდილებაა. შპს "სასტუმრო თელავი" იმავე ბიზნესჯგუფის ნაწილია, რომელშიც შედის "გოლეთიანი" (საქართველოში Nokia-სა და Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა), რესტორნები "კახელები", ასევე რამდენიმე სხვა ტურისტული ბიზნესი.
თელავში პირველი ბრენდული სასტუმროს პროექტის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი ესაუბრა:
- ბ-ნო ლევან, რატომ გადაწყვიტეთ თელავში სასტუმროს გახსნა? მით უმეტეს ისეთი საერთაშორისო ბრენდის, როგორც Holiday Inn-ია?
- თელავი ისტორიული ქალაქია, რომელიც კახეთის ცენტრად მიიჩნევა. ეს არის ძალიან საინტერესო ლოკაცია ტურისტებისთვის, რაც ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა. ამავე კვლევის მიხედვით, ტურისტების რიცხვი კახეთში ყოველწლიურად მატულობს. შესაბამისად, ჩვენმა ბიზნეს-ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და თელავში სასტუმროს აშენება დაიწყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შეყვანას კახეთის რეგიონში. სწორედ ასეთი პროექტები შეუწყობს ხელს რეგიონში და ზოგადად, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტურისტების შემოდინებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია.
- რამდენად რთული იყო ისეთი საერთაშორისო ბრენდის დათანხმება თელავში შესვლაზე, როგორიც Holiday Inn-ია?
- ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ფაქტობრივად 1 წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება. თავდაპირველად ეს იყო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ უკვე საქართველოში ჩამოსვლაზე დავითანხმეთ. იყო ძალიან კომპლექსური მოლაპარაკებები, რადგანაც ბევრი ისეთი დეტალი და სტანდარტია, რომელთა დაკმაყოფილება ძალიან დიდ დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე გაიზარდა პროექტის ბიუჯეტი, კომპლექსური გახდა პროექტი.
- ინვესტიცია ახსენეთ, მაინც რა ჯდება პროექტი? რამდენი ადამიანი დასაქმდება და რამდენი ოთახი შეემატება საბოლოოდ კახეთს?
- საერთო ინვესტიცია 15 მილიონი ლარია. სასტუმროს მართვაში მონაწილეობას მიიღებს ესპანური კომპანია T3 Hospitality Management, რომელსაც სასტუმროების მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ სასტუმროში 60 – 70 ადამიანი დასაქმდება, უმეტესწილად ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დონის შემცირებას რეგიონში.
ბიზნესგეგმის მიხედვით, სასტუმროში განთავსდება 85 ნომერი, რაც თავის მხრივ რამდენიმე კლასის ნომრებად დაიყოფა.
სასტუმროს გარდა მომხმარებლებს შევთავაზებთ ისეთი ტიპის სერვისს, როგორიცაა, რესტორანი, აუზი, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. 2 რესტორანის გახსნა იგეგმება, როგორც ქართულის, ასევე ევროპულის. აქვე გაიხსნება რესტორნების ქსელის „კახელების“ პირველი რეგიონული ფილიალი. სასტუმროში იქნება საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 150 პერსონაზე იქნება გათვლილი. ამასთან მოწყობილი იქნება აუზი და ტერასები. პროექტი ითვალისწინებს მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი ფიტნეს-ცენტრის ჩამოყალიბებასაც, ასევე, საუნას და მასაჟის ოთახს. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობაც, როგორიცაა ღვინის დამზადება, ჩურჩხელის ამოვლება და ა.შ.
- მომსახურების სფეროში ჩართული ბიზნესმენები ხშირად საუბრობენ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე. თქვენ გაგიჭირდათ კადრების მოძებნა, თუ გადამზადების გზა აირჩიეთ?
- ეს საკითხი ჩვენ პირდაპირ არ გვეხება, რამდენადაც ესტონური კომპანია, რომელიც მართვაში შემოდის, შეარჩევს კადრებს. ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში კადრები გადამზადებას გაივლიან.
- ვისზე გაქვთ ორიენტირი, ვინ იქნებიან თქვენი მომხმარებლები ძირითადად? ადგილობრივები თუ ტურისტები?
- ამაზე თავის დროზე ჩვენც ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ, გვგონია, რომ არ შეიძლება ასე ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ფოკუსირება. ამიტომ გადავწყვიტეთ ორივე სეგმენტი გაგვეთვალისწინებინა.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ვგეგმავთ, რომ კონკურენტნარიანი ფასებით შევიდეთ ბაზარზე, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო ფართო სეგმენტი დავაკმაყოფილოთ. რა თქმა უნდა, ფასების განსაზღვრა დამოკიდებული იქნება ბევრ გარე ფაქტორზე, თუმცა, ჩვენი გათვლებით ფასები 200-250 ლარის ფარგლებში იმერყევებს.
- უფრო გლობალურ თემებზეც გადავიდეთ, რას ფიქრობთ, რა არის ჰორეკა ბიზნესში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა?
- მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, ნაკლები გამოცდილება და ცოდნაა. სამწუხაროდ, საქართველოში არ ვიცით, როგორ უნდა გაკეთდეს გრძელვადიანი ბიზნესი. ეს სფერო საქართველოში გადასულია ერთჯერად მომხმარებელზე. როდესაც ისეთი ბრენდი შემოგყავს, როგორიც არის Holiday Inn, ამ სტრატეგიას ვერ გამოიყენებ, ამიტომ ჩვენ უფრო გრძელვადინი მიზნები გვაქვს. ისეთ გარემოს ვქმნით ადგილზე, რომ მომხმარებელი დაბრუნდეს.
- თქვენ მონაწილეობას იღებთ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ბიზნესდაჯილდოებაში და გსურთ, წლის ტურისტული ბიზნესის სტატუსის მოპოვება. რას ელოდებით დაჯილდოებისგან?
- მთავარი ფაქტორი, რის გამოც გადავწყვიტეთ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება პირველ რიგში ისაა, რომ ჩვენი პროექტის მხარდამჭერი "თიბისი ბანკია", ამასთან არის ამ ბიზნესდაჯილოდების ორგანიზატორი. გვჯერა, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული და მოტივაციის შექმნელი პროექტი და მასში გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გაჩნდება ბევრად მეტი ინტერესი ტურისტული სფეროს მიმართ. როგორც კვლევები აჩვენებს, შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდი იქნება ტურისტების დინამიკა, ეს პოტენციალი კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
- სამომავლო გეგმები როგორია, აპირებთ თუ არა ამ ან სხვა ბრენდით სხვა რეგიონებში შესვლასაც?
- ამ დროისთვის იმდენად ვართ ამ პროექტში ჩართული, რომ სხვა მიმართულებებისთვის დრო არ გვრჩება. ზოგადად, ამ პროექტის დასრულების შემდეგ გვინდა სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებაც.
www.bm.ge