ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა
06 დეკემბერი, 2017

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 70,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 154,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტის მოცულობამ 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა. წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნება ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინო. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია" - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 38% (6736081 ბოთლი), რუსეთი - 76% (43903947), უკრაინა - 48%(7660334), პოლონეთი - 12% (2388352), ლატვია - 29% (1467464), ბელარუსი - 59% (1682008), აშშ - 51% (445020), გერმანია - 49% (402318), ისრაელი - 172% (204074), მონღოლეთი - 82% (168162), იაპონია - 8% (155100), საფრანგეთი - 176% (99112), აზერბაიჯანი 67% (111522) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (43903947), უკრაინა (7660334), ჩინეთი (6736081), ყაზახეთი (3096879) და პოლონეთი (2388352).

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16337174 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 82%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 35,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 251 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 767,7 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 142%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 257,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 47% შეადგინა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.