იაპონიის რამდენიმე რესტორნის მფლობელებმა საპორტო ქალაქ ფუკუოკაში ქართული ღვინის პრეზენტაციის შემდეგ გადაწყყვიტეს, საკუთარ მენიუში სტუმრებს ქართული ღვინოც შესთავაზონ.
ფუკუოკა ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად მიიჩნევა და ქართული ღვინის პრეზენტაციის ადგილად სწორედ ის იქცა.
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაციის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში იყო. ქართული ღვინის დეგუსტაციას ასევე იაპონელი ტოპ-სომელიე ჰიროში იშიდა უძღვებოდა.
დეგუსტაცია-სემინარს 100-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: სომელიე, ღვინის იმპორტიორი, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენელი.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“ (რქაწითელი სუპერიორი), „შალაურის ღვინის მარანი“ (რქაწითელი, მწვანე), „შუმი“ (ხაზი „იბერიული“ – მწვანე, მუკუზანი), „გიუაანი“ (საფერავი ბარელი) და „ორგო“ (საფერავი).
ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იყო იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა, შემდგომში ექსპორტის ზრდის მიზნით.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 73 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 139%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
www.travelingeorgia.ge