,,ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება. ამ დროისათვის, პროექტით გათვალისწინებული ხუთივე გვირაბი გაჭრილია და 20 ხიდიდან აშენებულია 19 ხიდი.
,,ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა, საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი, დარჩენილ ორ გვირაბში გრძელდება მოსახვის სამუშაოები. 20 ხიდიდიდან 19 - აშენებულია. გარდა ამისა, ეწყობა საფარი და ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შემოვლითი გზის შინაარსიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ორი კვანძი, რომლითაც ქალაქში შესვლა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ახალი გზით ქალაქი მაქსიმალურად განიტვირთება.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.
bp.ge