ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ITB Berlin-ის წარმომადგენლები გერმანელ ჟურნალისტებთან და ტურ-ოპერატორებთან ერთად ქვემო ქართლსა და კახეთს ესტუმრნენ
23 მაისი, 2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB Berlin-ის მმართველ პირებს,  გერმანული ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფო-ტურის მონაწილეებმა ქვემო ქართლში ბოლნისი და ასურეთი დაათვალიერეს.  ესტუმრნენ შვაბების ქუჩას, სადაც გერმანული დასახლება იყო.  ტურის მონაწილეები ქვემო ქართლიდან კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ნეკრესი, ალავერდი, ყვარელი და სხვა ტურისტულად ცნობილი ადგილები დაათვალიერეს, გაეცნენ ადგილობრივი ღვინის დამზადების წესებს, დააგემოვნეს ღვინო. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა კულინარიული მასტერკლასი.   ტურის დასრულების შემდეგ გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ.

„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მომეწონა ბუნება, მწვანე მდელოებიდან  თოვლით დაფარული მთები მოჩანს, ძალიან მინდა მთებში ვიმოგზაურო, რადგან ახალგაზრდობაში მთამსვლელი ვიყავი.  შევამჩნიე, რომ ისეთ დატვირთულ ქალაქში როგორიც თბილისია ხალხი ძალიან მეგობრულია,  ყველა ცდილობს დაგეხმაროს. სანამ აქ ჩამოვიდოდი მითხრეს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და მე საქართველოში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასეა“,-ამბობს გერმანელი ჟურნალისტი მანფრედ რუთნერი.

2023 წელს საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ტურიზმის სფეროში  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მოეწყო პრეზენტაცია გამოფენის მნიშვნელობის შესახებ.   ITB Berlin-ის წარმომადგენლებმა პირველად საზღვარგარეთ, სწორედ საქართველოში გამართეს B2B ფორმატის ღონისძიება, სადაც  გერმანელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.