ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჯანსაღი ცხოვრების დასამკვიდრებლად - მთავრობა თბილისის მერიას სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 30 მლნ-ს გამოუყოფს
16 მაისი, 2018

მთავრობა თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს.

მთავრობის ადმინისტრაციაში დეტალები უკვე განიხილეს. თბილისის მერმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

გამოყოფილი 30 მილიონი ლარი მერიას საშუალებას მისცემს, წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

გადაწყვეტილება შესაბამისობაშია პრემიერის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებსაც, სადაც მთავრობა ასევე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

გეგმიდან გამომდინარე ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა მომზადდება.

სწორედ სამოქმედო გეგმაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად დაიგეგმება 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯების გარდა, სოციალურ ასპექტებსაც გაითვალისწინებს, რათა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.