კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობამ 100 ათასს ტონას გადააჭარბა.
2 ოქტომბრის 10:00 საათის მონაცემებით, მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 116 მლნ ლარს მიაღწია.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, კახეთში წვიმიანი ამინდი 27 სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, რამაც ყურძნის კრეფის პროცესი გარკვეულწილად შეაფერხა. ამის მიუხედავად, 1 ოქტომბერს გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 1,7 ათასი ტონა შეადგინა.
მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 45,3 ათასი ტონა რქაწითელი, 47,2 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია – 31,9 ათასი ტონა, გურჯაანში – 27,7 ათასი ტონა, თელავში – 20 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,8 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,4 ათასი ტონა, ახმეტაში – 3,1 ათასი ტონა და საგარეჯოში – 4,9 ათასი ტონა.
www.bpi.ge