ქართული ღვინის კომპანიებმა ჩინეთთან საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს. შეთანხმებებს რამდენიმე ქართულმა კომპანიამ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაზე“ (The 98th China Food & Drinks Fair) მიაღწიეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძის თქმით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამოფენაში მეოთხე წელია მონაწილეობენ და მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„წლევანდელი გამოფენა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანმა გამოფენის მსვლელობის დროს უკვე გააფორმა ახალი საექსპორტო ხელშეკრულება, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან,“ – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
გამოფენა China Food & Drinks Fair ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. საგამოფენო სივრცე გაშლილია 300 ათას კვ.მ-ზე და მასში ყოველწლიურად წარმოდგენილია 4500-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას სტუმრობს 200 ათასზე მეტი ვიზიტორი.
www.travelingeorgia.ge