ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა - დადგენილების დეტალები
10 სექტემბერი, 2021

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. 

დადგენილებით, პროგრამის მიზანი და ამოცანაა: 

საქართველოს ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე. 

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა სტრატეგიულ/პრიორიტეტულ ბაზრებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. 

პროგრამის განმახორციელებელია ღვინის ეროვნული სააგენტო. განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ბენეფიციარი მოახდენს მეტი (ლიტრი) ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს;

ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გაწია წინა საანგარიშო პერიოდში.

ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი წესით:

მიმდინარე კალენდარულ წელს ექსპორტირებული (ლიტრი) ღვინის მოცულობას გამოაკლდება  წინა კალენდარულ წელს ექსპორტირებული (ლიტრი) ღვინის მოცულობა;

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გაწეული მარკეტინგული ხარჯების ოდენობას გამოაკლდება წინა საანგარიშო პერიოდში გაწეული მარკეტინგული ხარჯების ოდენობა;

მიმდინარე საანგარიშო და წინა საანგარიშო პერიოდში გაწეული მარკეტინგული ხარჯების სხვაობა გაიყოფა მიმდინარე კალენდარულ და წინა კალენდარულ წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობის სხვაობაზე, და მიღებული თანხა წარმოადგენს ექსპორტირებულ ერთ ლიტრ ღვინოზე გადაანგარიშებით ასანაზღაურებელ მარკეტინგულ ხარჯს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 ლარს;

მიმდინარე და წინა კალენდარულ წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობის სხვაობით მიღებული ღვინის მოცულობა გამრავლდება მიმდინარე და წინა საანგარიშო პერიოდში გაწეული მარკეტინგული ხარჯის სხვაობაზე და მიიღება ასანაზღაურებელი თანხა. 

თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარით.

პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოში რეალიზებული და  დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული (ლიტრი) ღვინის მოცულობა და გაწეული მარკეტინგული ხარჯები.

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს წინა კალენდარული წლის და საანგარიშო პერიოდში არ აქვს გაწეული მარკეტინგული ხარჯი ან/და არ განუხორციელებია ღვინის ექსპორტი პროგრამის პირობების შესაბამისად, დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება არა უგვიანეს გასული 3 წლის განმავლობაში უკანასკნელად გაწეული მარკეტინგული ხარჯი და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა.

პოტენციურ ბენეფიციართან გაფორმდება დაფინანსების ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მას უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რომელიმე წელს გაწეული აქვს მარკეტინგული ხარჯი და განუხორციელებია ღვინის ექსპორტი პროგრამის პირობების შესაბამისად.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მიზნობრიობებს:

ქსელური ტიპის საცალო გაყიდვების ობიექტებში შესვლის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა სახის მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება;

სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების წახალისების/სტიმულირების მიზნით თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტის კატალოგში განთავსება, დეგუსტაციები;

სავაჭრო ობიექტებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში ღვინის გაყიდვის ეფექტიანობის უზრუნველყოფა – საერთაშორისო კომპანიის დაქირავება პროდუქციის ეფექტურად განლაგების/წარდგენის მიზნით;

გაყიდვების ზრდისკენ მიმართული მედიაკამპანია: სხვადასხვა სახის მედიასაშუალებებში ღვინის გაყიდვის ონლაინპლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში პროდუქტის რეკლამირების უზრუნველყოფა;

გაყიდვების ზრდის მიზნით გაყიდვების აგენტების მომსახურების შესყიდვა;

ახალი პარტნიორის მოძიების მიზნით, სამიზნე ბაზარზე გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.