ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
KOTE.GE - კოტეჯები ადგილზე მიტანით, რომლის აწყობას 25 წუთი სჭირდება
16 ნოემბერი, 2017
Kote.ge ახალი ქართული სტრატაპია, რომლის მიზანია სახლის შეძენა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ფასით, ასევე ექსპლუატაციაში მოყვანის სიმარტივით. 

ამისათვის Kote.ge-მ შეიმუშა უნივერსალური დიზაინის მქონე კოტეჯი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. პირველი პროტოტიპი ტექნოპარკმა 5 000 ლარით უკვე დააფინანსა. 

კოტეჯი 9 კვადრატული მეტრია, 7 ნაწილისგან შედგება და მის აწყობას 25 წუთამდე დრო სჭირდება, ასევე შესაძლებელია კოტეჯის მრავალჯერ დაშლა, გადატანა და სხვა ლოკაციაზე ხელახლა აწყობა. როგორც „საქმის კურსთან“ საუბარში კომპანიის ერთ-ერთმა პარტნიორმა, გიორგი ესვანჯიამ განაცხადა, 2017 წლის ბოლოს Kote.ge მომხმარებლებს უკვე სახლის რამდენიმე მოდელს შესთავაზებს, ამასთან დაიწყება სერიული წარმოება, რისთვისაც კომპანიას დაახლოებით 50 000 დოლარი სჭირდება. 

„ჩვენ არ ვართ სამშენებლო კომპანია და არ ვიღებთ სპეც შეკვეთებს. ჩვენთან მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული კოტეჯები იქნება, ზომებით S, M და L. სახლის ფერისა და დიზაინის შერჩევა ვებ-გვერდის დახმარებით იქნება შესაძლებელი, ყიდვის შემდეგ კი მას მომხმარებელს დანიშნულების ადგილზე მივაწვდით“, - არღნიშნავს გიორგი ესვანჯია. 

რაც შეეხება ფასებს, - kote.ge- ში წინასწარ უჭირთ კოტეჯის ღირებულების დასახელებაც, „ფასწარმოქმნა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: მასალების ფასებზე, დიზაინზე, ზომაზე... მაგრამ მინდა გითხრათ, რმ ღირებულება იქნება მინიმალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ავტორი. ამჟამად სტარტაპი Kote.ge სახლების დაპროექტების პროცესშია და ინვესტორს ეძებს. 
 
ავტორი: სალომე ჭიპაშვილი
 



© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.