ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Kote.ge-ს კოტეჯები ბაზარზე ორ კვირაში გამოვა - რა ეღირება 25 წუთში ასაწყობი ხის სახლი?
30 ოქტომბერი, 2017

ხის სახლების სტარტაპი Kote.ge ორ კვირაში ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას იწყებს. „კომერსანტი“ კომპანიის ამჟამინდელი განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Kote.ge-ს დამფუძნებელს ლევან ტყემალაძეს ესაუბრა. როგორც ტყემალაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ხის სახლი საშუალოდ 5 000 ლარი ეღირება.

„ბაზარზე ორ კვირაში გამოვჩნდებით და გაყიდებიც დაიწყება. ხის სახლები საშუალოდ 5 000 ლარი იქნება. შემდგომ უკვე სავაჭრო ობიექტებთან გვექნება მოლაპარაკებები, სადაც ჩვენი პროდუქცია განთავსდება. მაგალთად, ვაპირებთ, რომ „დომინოსა“ და „გორგიაში“ ჩვენი შოურუმი წარმოვადგინოთ.

ხელშეკრულება ძალიან კარგ საწარმოსთან გავაფორმეთ და ჩვენი თანამშრომლების დახმარებით ხის სახლების დამზადება მცირე დროში მოხდება. ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვართ და წარმადობის გაორმაგებისთვის ინვესტიციის გაორმაგება არ იქნება საჭირო“, - განმარტა ტყემალაძემ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, Kote.ge-ს ექსპორტზე გატანა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა სამომავლოდ რა თქმა უნდა, ეს საკითხი განიხილება. ხოლო ძირითად საექსპორტო ბაზრებად მეზობელი ქვეყნები განიხილება. რაც შეეხება ზამთრის სეზონს ხის სახლები გუდაურსა და მესტიაში იქნება წარმოდგენილი. კომპანიას ამ კუთხით ბიზნესმენებთან გარკვეული შეთავაზებაც აქვთ.

Kote.ge ახალი ქართული სტრატაპია, რომლის მიზანია სახლის შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ფასით, ასევე ექსპლუატაციაში მოყვანის სიმარტივით. ამისათვის Kote.ge-მ შეიმუშა უნივერსალური დიზაინის მქონე კოტეჯი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. ექსპლუატაციის ვადა კი 5-დან 10-წლამდეა. კოტეჯი 7 ნაწილისგან შედგება და მის აწყობას 25 წუთამდე სჭირდება, გარდა ამისა, შესაძლებელია კოტეჯის მრავალჯერ დაშლა, გადატანა და სხვა ლოკაციაზე ხელახლა აწყობა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.