ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა ინვესტორებს ამ დრომდე ელოდება. როგორც ცნობილია, კურორტის განვითარებით ყაზახები, რუსები და უკრაინელები ინტერესდებოდნენ. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ინტერესი იყო, თუმცა, მასთან ვინმე კონკრეტული საინვესტიციო წინადადებით არ მოსულა.
მარგველიძე ინვესტორების გააქტიურებას გაზაფხულის სეზონისთვის ელოდება. „კურორტით შეიძლება ბევრი დაინტერესდეს,თუმცა, ინტერესი ინტერესად დარჩეს"-აცხადებს მარგველიძე.
იმის შესახებ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალას განვითარებაზე სამოქმედო გეგმა მუშავდებოდა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ „კომერსანტთან" 2015 წლის ივნისში განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობდა კურორტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მისი განვითარება დაიწყებოდა.
საუბარია ისეთ კურორტებზე, როგორიცაა ლაშიჭალა და ძუღული. მისივე ინფორმაციით, კურორტის განვითარება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში ჯდება. როგორც გუბერნატორი აცხადებდა, კურორტის სრულად განვითარებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
მარგველიძე ამბობდა, რომ ლაშიჭალაში არსებული სანატორიუმი წლების განმავლობაში მიტოვებული და უფუნქციოდაა დარჩენილი. როგორც მარგველიძე აცხადებდა,საბჭოთა პერიოდის შემდეგ კურორტზე არსებული სანატორიუმი დაკეტილია, ლაშიჭალაში ჩასული დამსვენებლების განთავსება კი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ხდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე 2016 წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.
რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას, ის ცაგერიდან 20 კმ-ში მდებარეობს. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
COMMERSANT.GE