თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
როგორც პროექტის განმახორციელებლი კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ზუსტი თარიღის თქმა რთულია, თუმცა სასტუმრო პირველ სტუმარს რამდენიმე კვირაში აუცილებლად მიიღებს.
„რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინით ვხსნით, მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან ტურისტების მხრიდან სერიოზული აქტივობა იქნება, მანამდე კი მომზადება გვჭირდება ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. ახლაც შემოდის ტურისტი, ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ დატვირთული იყო სასტუმროები,“ - აცხადებს პაპაშვილი.
სასტუმროს მშენებლობა უკვე თვეებია დასრულებულია, თუმცა როგორც ბიზნესმენი აცხადებდა, აქამდე პანდემიის პირობებში მის გახსნას აზრი არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.
Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.
business-partner.ge