ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა
30 აპრილი, 2018

ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა. ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას.

თბილისის მერის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში სასიამოვნო დროის გატარება ყველა თაობის ადამიანს შეუძლია. კახა კალაძე მოქალაქეებს ფესტივალში ჩართვისკენ მოუწოდებს. „სპორტის 13 სახეობაში არის შესაძლებელი, მსურველებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ამ ღონისძიებების შემდეგ გაიმართება სხვადასხვა ჯგუფის კონცერტები და მინდა მივმართო ყველას, რომ ყოველი თვის ბოლო შაბათს მობრძანდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სასიამოვნო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ ქალაქს სჭირდება ასეთი ტიპის ღონისძიებები, ახალგაზრდებს სჭირდებათ გართობა და დასვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების პირველ დღესვე ტურნირები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.