მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს - გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების სოფლები - საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.
შედეგად ჯამში შეღავათებით 1730 სოფელი ისარგებლებს.
მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია“, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2017 წლის ანგარიშის მიხედვით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ბიუჯეტიდან გამოიყო 66 160 379 ლარი. შეღავათებით ისარგებლა 7 272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შეეძინათ შვილი; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა - მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა ოჯახებმა, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება.
საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა და მეწარმე სუბიექტებმა ასევე ისარგებლეს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით.
www.travelingeorgia.ge