ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაია სიდამონიძე: „ტურისტები ყველაზე მეტად ტაქსების მომსახურებით არიან უკმაყოფილო“
02 თებერვალი, 2018

თბილისში ტაქსების ლიცენზია სავალდებულო გახდება, თუმცა დეტალები და ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ტაქსების მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტები დაწესდება.

ცნობილია, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. როგორც  კალაძე აღნიშნავს, ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება.

მოგვიანებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება.

„წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად“, - აღნიშნა ალავიძემ.

ტაქსების პრობლემაზე „კომერსანტთან“ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები არაერთხელ საუბრობდენ და აღნიშნავდნენ, რომ ტაქსები ტურისტებისთვის პრობლემებს ქმნიდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტაქსების პრობლემა საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის მთავარ უკმაყოფილებას წარმოადგენს.

„ტაქსების პრობლემა არამხოლოდ ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვისაც დგას, დაწყებული უსაფრთხოების წესებიდან, გზების ცოდნით დასრულებული. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ყველაზე მეტად ტაქსების მომსახურებით არიან უკმაყოფილო. ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებმა არ იციან ზუსტი მისამართები, გაუმართავი მანქანებით და დიდი სისწრაფით მოძრაობენ. ტარიფები არის ორმაგი და სამმაგი, რაც არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ტურისტს იმაზე მეტი გადაახდევინო, ვიდრე ადგილობრივს. რაც ყველაზე მთავარია, ტურისტები უსაფრთხოების მხრივ დაუცველები არიან“, - აცხადებს სიდამონიძე.

მისი თქმით, საკურორტო ზონებში ტაქსების პრობლემა მართლაც შეიქმნა: „როგორც ვიცი, საკურორტო ზონებში პრობლემა ტარიფებთან დაკავშირებით შეიქმნა. ბაკურიანსა და გუდაურში წელს ძალიან ბევრი ტაქსი მოძრაობს და ამის გამო კურორტზე გადაადგილება შეზღუდულია“.

ამასთან სიდამონიძის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარება აუცილებელია, რადგან ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება, თუმცა მკაცრი რეგულაციები საჭირო არ არის.

„ეს პრობლემა თუ არ დარეგულირდა,  ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. რაც შეეხება მოსალოდნელ ლიცენზირებას, მე პირადად მეტი დეტალის გაგება მინდა, ანუ კონკრეტულად რა იგულისხმება. სიტყვა ლიცენზირება მკაცრი ფორმა მგონია და რამდენად შედეგიანი იქნება, ამის განსაზღვრა გამიჭირდება. გარკვეული რეგულაციები, რა თქმა უნდა, საჭიროა, თუმცა უფრო ლიბერალური. ბევრი ადგილობრივისთვის ეს არის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ისე არ უნდა მოხდეს, ამ ადამიანებმა შემოსავლები დაკარგონ, პირიქით ხელშემწყობი ზომები უნდა მივიღოთ, რომ მათ პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. ტაქსის მძღოლებისთვის ხელშემწყობი ტრენინგების ჩატარება და შემდეგ სერტიფიკატის გაცემა უფრო ლიბერალური ნაბიჯი მგონია“, - აცხადებს მაია სიდამონიძე.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.