2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე განაცხადა.
აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა.
„ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმიდან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ექსპორტის, ტურიზმის და გზავნილების ზრდა დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშზე.
ფინანსთა მინისტრის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, მშპ-ს 7.4 პროცენტს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2016 წელს არსებულ თითქმის 13 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge