თბილისის მერია ოთხი წლის განმავლობაში, 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მათგან 100 დედაქალაქს წლის ბოლომდე შეემატება.
თბილისის 101 მარშრუტს ამ დროისთვის დაახლოებით, 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. მერია ამავდროულად მეტროს ახალი მატარებლებისა და ვაგონების შეძენასაც გეგმავს. პროექტის ღირებულება 800 ათასი ევროა, აქედან 500 ათასი ევრო ევროკავშირის გრანტია, 300 ათასი - მერიის დაფინანსება.
მერიამ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტთან დაკავშირებით რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკთან (EBRD) 500 ათასი ევროს გრანტის გამოყოფაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს.
„სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადაში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს.
პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს.
„სისტრამ“ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობის, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს.
www.travelingeorgia.ge