მოლდოვა, უზბეკეთი, ყაზახეთი – Georgian Wings ახალი მიმართულებებით რეგულარულ ფრენებს იწყებს
Georgian Wings-ი სამ ახალ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია თბილისი-ტაშკენტი-თბილისის და თბილისი-კიშინეუ-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს განახორციელებს, თბილისი-აქტაუ-თბილისის მიმართულებით, კი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს, ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს.
აღნიშნულ ავიარეისებზე მგზავრებს Georgian Wings-ი 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-300-ით მოემსახურება.
„Georgian Wings-ის მიზანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აქციოს ჰაბად და მგზავრების საჰაერო გზით ტრანსპორტირება ევროპიდან აზიაში და პირიქით, ფრენები სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით განახორციელოს. ტრანზიტული გზით მოგზაურობისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად Georgian Wings-ი ერთიან ავიაბილეთს შესთავაზებს მგზავრებს. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მგზავრის კომფორტული და მარტივი მოგზაურობა, ამიტომ მგზავრებს ავიაკომპანია ავიაბილეთის მარტივად შეძენიდან დანიშნულების პუნქტამდე ფრენის გათვალისწინებით, სთავაზობს მაღალ სერვისულ მომსახურებასა და მაღალკვალიფიციურ ეკიპაჟის წევრებთან ერთად ფრენას, რათა მათი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.“ – Georgian Wings-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე.
ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს დამატებით ახალ მიმართულებებზე.
Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინეუ, ტაშკენტი, ბაქო, აქტაუ, ბათუმის მიმართულებით შეასრულებს. ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს 2023 წლის ივლისის ბოლოდან, ხოლო ბაქოს მიმართულებით სექტემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.
Georgian Wings-ის შიდა თუ საერთაშორისო რეისებზე ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით https://georgianwings.com/ , ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.
avianews.ge