მომავალ წელს კახეთს 400-მდე სასტუმრო ნომერი დაემატება,- ამის შესახებ საქმის კურსს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში 2 ბრენდული სასტუმრო იხსნება - Radisson წინანდალში და Holiday Inn თელავში. ამასთან, ფართოვდება ლოპოტას კომპლექსი.
გუბერნატორი ამბობს, რომ მთლიანად კახეთის მხარეში არაერთი სასტუმროს პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის ასევე არის Rooms საგარეჯოში, KTW-ის პროექტი ყვარელში. ირაკლი ქადაგიშვილი ინფორმაციით, შენდება საოჯახო ტიპის სასტუმროებიც, რომლებიც ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.
რაც შეეხება Golden Tulip-ის ბრენდულ სასტუმროს, რომელიც თელავში ყოფილი „ინტურისტის“ ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას, კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, არსებობს მოლოდინი, რომ რენოვაცია მომავალი წლიდან დაიწყება.
"უნდა ითქვას, რომ კახეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პერსპექტიული მიმართულებაა ინვესტიციების განხორციელების კუთხით. აქ ჩვენ სახეზე გვაქვს როგორც უცხოური ინვესტიციები, ასევე, ადგილობრივი. ინვესტიციები ძირითადად დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის დარგთან, კონკრეტულად კი მეღვინეობასა და მევენახეობასთან",- ამბობს გუბერნატორი.
ირაკლი ქადაგიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ კახეთში მეღვინეობა შემდგარი და თვითკმარი ბიზნესია და ეს დაადასტურა წლევანდელ რთველში სახელმწიფოს ჩაურევლობამ სუბსიდიების მიმართულებით.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი