მსჯელობა ტურიზმზე - ტურიზმის საკონსულტაციო საბჭომ 2018 წლის ბიუჯეტი და მარკეტინგული კამპანიები განიხილა
ტურიზმის ბიუჯეტსა და მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვაზე ისაუბრეს ინვესტორთა საბჭოს მიერ ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს შეკრებაზე.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი ეფექტურობით დავხარჯოთ ის თანხა, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს ბიუჯეტით გამოყოფილი. შედეგად, უნდა შემოვიყვანოთ მეტი ტურისტი ქვეყანაში, რომლებიც მეტ ფულს დახარჯავენ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს ქვეყანაში მეტი დროით გაჩერდებიან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, აგრეთვე პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები.
საკონსულტაციო ორგანო ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციის თანახმად შეიქმნა და მასში ინვესტორთა საბჭოში შემავალი ტურიზმის ინდუსტრიის დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები გაერთიანდნენ.
ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს ამოცანაა, მიაწოდოს რეკომენდაციები მთავრობას ტურიზმის განვითარებისა და აღნიშნულ სექტორში დაგეგმილი სამთავრობო მარკეტინგული კამპანიების შესახებ. სამომავლოდ, საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს.
შეხვედრა, რომელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისის ოფისში გაიმართა.
www.travelingeorgia.ge