მტირალას პარკში, პრომეთეს მღვიმესა და მარტვილის კანიონზე ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო
მტირალას პარკში, პრომეთეს მღვიმესა და მარტვილის კანიონზე ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღიარებენ, რომ აგროსექტორისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ფაროსანაა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის დავით მარკოზაშვილის განცხადებით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რომ დაცულ ტერიტორიებზე ტურისტებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და სერვისით შეხვდნენ.
მტირალას პარკში, პრომეთეს მღვიმესა და მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონის წინამოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში განიხილეს ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებიც. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, რათა მწერმა დისკომფორტი არ შეუქმნას ადგილზე ვიზიტორებს.
„ამ დაცულ ტერიტორიებზე მალე დაიწყება აქტიური ტურისტული სეზონი. სამწუხაროდ, აზიური ფაროსანის პრობლემა, რომელიც აწუხებს სოფლის მეურნეობას, არანაკლებ შემაწუხებელი იქნება ტურისტებისათვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურისტებს შემაწუხებელი ფაქტორი მოვუხსნათ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარდება წინასწარგანსაზღვრული ღონისძიებები“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
www.travelingeorgia.ge