ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მუზა და ღვინო“ - ღვინის-ბარი ისტორიის, სიძველის და ახალი ტენდენციების ნაზავით
16 თებერვალი, 2018

თუ ღვინოს მხოლოდ ყანწში არ ეძებთ, თუ ღვინოში სიმთვრალე არ მოგწონთ და თქვენი არჩევანი ღვინოში მუზის ძიებაა მაშინ გაგიმართლათ. ამ შემთხვევაში მუზას არც მხოლოდ ხელოვნების ან მხოლოდ კულტურის ან სულაც მხოლოდ ლიტერატურული დატვირთვა აქვს, ნებისმიერი ადამიანისთვის ყველა პროფესიას შესაძლოა თავისი მუზა ჰქონდეს...

ჰოდა, თქვენთვის ახალი მისამართი გვაქვს. თბილისში, ცნობილი მუზას წინ ღვინის ბარი „მუზა და ღვინო“ თქვენ უკვე გელით.

რას დაგახვედრებენ? - საუკეთესო ღვინოებს, მუზას თავისთვად, კარგ განწყობას და კიდევ... ქართულ უნიკალურ ექსპონატებს, შეხვედრას სიძველეებთან და წარსულთან...

ღვინო-ბარი სულ რაღაც ერთი თვის გახსნილია, მომხმარებელთა მოწონება უკვე დაიმსახურა, მოიპოვა ნიუ-იორკელი ღვინის მაგისტრის ლიზა გრანიკის სიმპატიებიც, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.

„ღვინო და მუზა“-ს თანადამფუძნებელი სანდრო საკანდელიძე ხსნის რატომ მუზა და ამბობს, რომ პირველი მიზეზი ბარის დასახელებისა წამოვიდა მისი მდებარეობაიდან, რაზეც შემდგომში აიგო კონცეფციის დანარჩენი ნაწილიც: კრეატიულობა, კავშირი ხელოვნებასთან, შესაბამისად, ქალაქის სიძველეებთან და ისტორიასთან. „გვაქვს სურვილი, ხელოვნებასთან, ახალი და ძველის წარმოჩენასთან გვქონდეს კავშირი... თუმცა მუზა მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ იყო მხატვარი, ან ხელოვანი, ყველა პროფესიას თავისი მუზა ჰყავს...“

ამბობს, რომ ღვინო უკვე საუბრის თემაა, ეს უკვე განწყობაა და მას შესაბამისი გარემო  სჭირდება. გარემოს შესაქმნელად კი „ღვინო და მუზა-ს“ იდეის ავტორებმა სიძველეების მოძიება დაიწყეს, ვინც ეძებს პოულობსო და ეს ღვინის ბარს, მის კედლებს ნამდვილად ეტყობა.

„საქართველოში რატომღაც ღვინო დაკავშირებულია ჭამასთან, თრობასთან, ღიპთან და არაჯანსაღ ცხოვრებასთან. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და ისტორიულადაც ღვინო საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო: გლეხები სამუშაოდ მიდიოდნენ და მიჰქონდათ ერთი დოქი ღვინო, 1-2 ჭიქას სვამდნენ, რაც შრომისას ძალების აღდგენაში ეხმარებოდა. საქართველოში მოგზაურებიც ამბობდნენ, რომ წელწვრილი ხალხი ცხოვრობსო და ღვინო უზომო თრობასთან არასოდეს ყოფილა კავშირში ჩვენთან, სხვათა შორის არც მაშინ როდესაც ნადიმები იმართებოდა. ღვინით თრობა  სახეცვლილია ჩვენამდე მოსული და გვინდა, რომ მას დავუბრუნოთ ჯანსაღი სახე და ღვინო ასოცირებული იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესთან, სასიამოვნო გარემოსთან, დავუბრუნოთ მას ის სახე, რომელიც არის ბუნებრივი“, - ამბობს სანდო საკანდელიძე.

ღვინო-ბარის შექმნის იდეის ავტორები აღიარებენ, რომ ამ ტენდენციის პირველი მქადაგებლები არ არიან და პირიქით, უხარიათ კიდეც, რომ ამგვარად სხვებიც ფიქრობენ და ალღო სხვამაც აუღო ღვინის დაგემოვნების ძველი სახის დაბრუნების იდეას.

„ჩვენც ამ ტალღაზე ვართ, უბრალოდ, დამატებით ვქმნით მიმზიდველ გარემოს იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს ისტორიული ნივთები, მაგალითად, ღვინის მსხვილი მოვაჭრის სირაჯის ქამარი, რომელიც XVIII საუკუნისაა“, - ამბობს დავით მეგრელიძე, ბარის მეორე თანადამფუძნებელი.

ბარში მხატვარ ვიქტორ ოსტროვსკის ნახატებია, რომელიც წინა საუკუნის 50-იან წლებში მოკლეს. „ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა, მასზე მოთხრობაც კი დაიწერა. მეორე მხრივ, ეს ნახატები უნიკალურია, აკვარელით არის შესრულებული, რომელიც საკმაოდ იშვიათი მიმართულება იყო საქართველოში“.

ბარში ძველი პატეფონია. ის სანდროს ბაბუას, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის დროს 414-ე ქართული დივიზიის პოლკოვნიკი იყო, სტალინმა აჩუქა. აქვეა ბოკალიც, რომელიც ილია ჭავჭავაძის მეგობარმა გამოუშვა, რომელმაც კავკასიაში პირველი ლუდსახარში ქარხანა ააშენა. არის უნიკალური წიგნი, რომელიც მხოლოდ რამდენიმეა გამოცემული ქართულ-რუსულად. წიგნში აღწერილია და ილუსტრირებულია 250 ქართული ყურძნის ჯიში. ბარის კედლებზე ნახატებია, ლაქებიც აქვს და გვერდებიც მოცვეთილია, თუმცა სიძველის წარმოჩენა აქ მთავარი იდეაა და ეს ერთგვარ ხიბლსაც სძენს მათ.

„ბიძაჩემი მხატვარი იყო და ეს ძველი ნახატები მის ნივთებში ვიპოვეთ. ამ დროისთვის კედლებზე 10 ნახატია, სულ 40 ნახატამდე გვაქვს და მომავალში შესაძლოა გამოფენაც კი მოვაწყოთ...“ - ამბობს სანდრო საკანდელიძე.

აქ მსურველს 100-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება შეუძლია. ძირითადად საოჯახო, ქვევრის და ბიო ღვინოებია. შეთავაზებაშია ევროპული წესით დამზადებული ღვინოებიც. ფასები 17 ლარიდან იწყება და 200 ლარსაც აჭარბებს. ძირითადად იმ მცირე კომპანიების და მარნების პროდუქციაა, რომელთაც ძირითადად პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ და მაღალი ხარისხისაა.

ქართული კულინარიაც მნიშვნელოვანია, ამიტომ „ღვინო და მუზაში“ სტუმრებს ღვინის კატეგორიის შესაბამის მენიუებს სთავაზობს, მათ შორის, ყველის და ხორცის დაფებს, ყველის და ქათმის როლებს, უგემრიელეს „ფელამუშქეიგს“ და სხვა.

ღვინო-ბარი მცირე ტიპის წვეულებების მასპინძლობასაც შეძლებს და მოწვეულ სტუმრებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

თუ თქვენთვის ღვინო ყანწთან, ღრეობასთან და სიმთვრალესთან არ ასოცირდება, მაშინ შეგიძლიათ მუზა და ღვინის ბარში საკუთარი მუზა იპოვოთ.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.