მწვანე სივრცეები ძველი ავტოფარეხების ნაცვლად - რას გულისხმობს ქალაქის მერის ახალი ინიციატივა
თბილისის მერი ახალი ინიციატივით გამოდის და მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცის მოწყობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.
„ყველა უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, ვფიქრობ, შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, მზად ვართ, ამ მათ ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, ეს ზოგადად მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევის გარდა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მასობრივი სპორტის განვითარება. ამ მიზნით, კახა კალაძემ ყოველთვიური სპორტული ფესტივალი „თბი – ლისი“ დააანონსა, რომელიც 28 აპრილს გაიხსნება. მისი თქმით, ფესტივალი 6 თვე გასტანს და ყოველი თვის ბოლო შაბათს ლისის ტბაზე გაიმართება.
„თბილისის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება“, – განაცხადა კალაძემ.
www.travelingeorgia.ge