ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევად მეორე ეტაპი დაიწყო – რა ხარვეზებზე საუბრობენ ექსპერტები
22 იანვარი, 2019

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე  დანიშვნის სურვილი 27 პირმა გამოთქვა. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე hr.gov.ge-ზე განცხადების მიღება 2018 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 6 იანვარს დასრულდა.  როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ამჟამად კონკურსის მეორე ეტაპია დაწყებული და კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასაუბრების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება ვინ შეცვლის გიორგი ჩოგოვაძეს „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის პოსტზე.

კონკურსის პარალელურად „კომერსანტთან“ დარგის სპეციალისტები შესარჩევ კონკურსში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზზე საუბრობენ. მათ შორისაა, საჭირო კანდიდატის მოსაძებნად hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადება. ტურიზმის ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნებისმიერ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა გამჭვირვალე ფორმით უნდა ხდებოდეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროა კანდიდატი უშუალოდ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან“ შეირჩეს, რადგან სფეროში წლების განმავლობაში ნამუშევარი ადამიანი გაცილებით მეტად კვალიფიციური იქნება.

ტურიზმის სპეციალისტები პრობლემას ოფიციალურად შერჩევისთვის დადგენილ დროშიც ხედავენ. მათ მიჩნიათ, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით კანდიდატის შერჩევის პროცესს გაცილებით მეტი დრო სჭირდება და მხოლოდ 10 დღე მსგავსი მასშტაბური კონკურსისთვის საკმარისი არ არის. ექსპერტების განცხადებით, წინამორბედმა ხელმძღვანელებმა პრობლემებს ნაწილობრივ გაართვეს თავი, თუმცა გარემოს ჩამოყალიბება სტაბილურად ვერ მოახერხეს.

„მაგალითად, ხედვასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით ქვეყანაში ქაოსური მდგომარეობაა და შესაბამისად ტურიზმიც არ არის მდგრადი. იმ შეთხვევაში თუ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების შემოსვლას ხელს შეუშლის, ტურიზმს ამით სერიოზული ზიანი მიადგება, რადგან ევროპის ბაზრისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ ვართ მზად,“ – აცხადებს „საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი.

ექსპერტები პრობლემას ხედავენ კანდიდატის შესარჩევ განცხადებაში ჩადებულ ინგლისური და რუსული ენების ცოდნის აუცილებლობასაც. 

ია თაბაგარის განცხადებით, ფაქტი ერთია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად უნდა მოვიდეს ლიდერი, ვისაც გააჩნია კომპლექსური ხედვა, ძირეულად ესმის მდგრადი ტურიზმი და გაცნობიერებული აქვს მასშტაბური პროექტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისივე თქმით, არსებობს უამრავი პროექტი, რომელთა არსებობის შესახებ ხშირად ახალმა მინისტრებმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა არ იციან. სწორი გეგმების და რეგულაციების გარეშე ამდენი თანხის და ენერგიის ხარჯვა არის „წყლის ნაყვა“.   

თაბაგარი სახელმწიფოს მიმართებით მთავარ კითხვასაც სვამს – „მაშინ, როდესაც სახელმწიფომ ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად წლების განმავლობაში რამდენიმე მილიარდი დახარჯა და მაქსიმალურად დადებითი შედეგი ვერ მიიღო, რამდენად არის მზად მომავალში ტურიზმი სწორი მიმართულებით წაიყვანოს?“

„საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კონკურსის გზით ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა სამართლიანია, თუმცა hr.gov.ge-ზე დადებული განცხადების მიხედვით ამის გაკეთება არასწორი ჰგონია.

„ტურიზმის ადმინისტრაციაში არსებობენ პროფესიონალი კადრები, ვინც იქ წლების განმავლობაში მუშაობენ  და შიდა კონკურსის წესითაც შესაძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესაბამისი კანდიდატის არჩევა,“ -აღნიშნა თაბაგარმა.

ტურიზმის სპეციალისტი ვანო ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ენების კარგად ცოდნა სასურველია და მეტიც ასეთი ფიგურისთვის სავალდებულოც. სწორედ ამიტომ, ამისი აფიშირება hr.gov.ge-ზე საჭირო არ იყო. ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად მხოლოდ ეს ფაქტი განმსაზღვრელი არ უნდა იყოს და მას ტურიზმის სფეროში სერიოზული წარსული გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

მისივე თქმით, საერთაშორისო მაგალითის მიხედვით კანდიდატის შერჩევის გაცილებით მეტი დრო სჭირდება და მხოლოდ 10 დღე მსგავსი მასშტაბური კონკურსისთვის ცოტაა.

ვაშაყმაძე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული (2015-2025 წლები) ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანდიდატები დოკუმენტს უნდა იცნობდნენ.  

„ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიაში სფეროს განვითარება დეტალურად არის განხილული. მასში კონკრეტულად არსებულ ხარვეზებზე და მომავალ მიზნებზეა საუბარი. საქართველოს ტურიზმის მომავალი ხარისხიანი ტურიზმის განვითარებაშია. ხარისხიანი ტურიზმი კი  კურორტებზე ხარისხის ზრდას და შეთავაზებას გულისხმობს. რაც ტურიზმის სექტორში შემოსავლებს გაზრდის. საინტერესოა კანდიდატებმა ამ სერიოზული დოკუმენტის შესახებ თუ იციან?

ჩვენ კანდიდატები მათი სამუშაოების მიხედვით უნდა შევარჩიოთ. მხოლოდ, ინგლისური ენის ცოდნა და მაგისტრატურის დამთავრება საკმარისი არ არის.

ეს პროცესი ერთი დღის შოუ არ არის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოსტია, რადგან ჩვენი ქვეყნის საექსპორტო შემოსავლის დიდი ნაწილი ტურიზმიდან შემოდის,“ – განაცხადა ვაშაყმაძემ.

გიორგი ჩოგოვაძე „ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“ 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. აღნიშნულ პოსტს 2013 წლიდან 2014 წლამდე Gem Fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა იკავებდა. 2014-ში სიგუას გადადგომა ელექტრონული მუსკის ფესტივალ „კაზანტიპს“ უკავშირდებოდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.