მზის ენერგია აგრომეურნეობაში - სოფლის განვითარების პროგრამას "მწვანე გრანტები" დაემატა
„სოფლის განვითარების პროგრამის“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები (GMG) დაემატა.
მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას, (sSWH/sSAH) სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის ოდენობა 1,000 ლარამდეa (გრანტი 90 %-მდე), პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10%-ით; ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH): სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 3 000 ლარამდეa (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-ით; შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 8 000 ლარამდეa (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30%-ით; შენობის სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12 000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40% - ით.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია.
"მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკისა და ენერგოეფექტური მიდგომების განვითარება; მნიშვნელოვანია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რითაც მინიმუმამდე უნდა შემცირდეს გარემოზე ზეწოლა. მადლობას ვუხდი გაეროს განვითარების პროგრამას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვიღებთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ანნა ჩერნიშოვას თქმით, პროექტის ფარგლებში, 8 მუნიციპლიტეტისთვის, დაახლოებით, 700 000 დოლარია გამოყოფილი.
„ვიმედოვნებთ, მომავალში მეტი მსგავსი პროექტი განხორცილდება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვისთვის“, - განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა.
„სოფლის განვითარების პროგრამაში“ ახალი მიზნობრივი კომპონენტის დამატების შესახებ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს.
business-partner.ge