ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიკო კვარაცხელია: ტურისტები გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ
19 აპრილი, 2018

ეკონომიკის დოქტორი ნიკო კვარაცხელია ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მიიჩნევს, რომ სფეროს მეტი რეგულაცია სჭირდება. რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას საქართველოს ტურიზმის თავისებურებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს ტურისტები ცოტა ჰყავს, ვიზიტორები კი გაცილებით მეტი.

მისი თქმით, საქართველო ძირითადად ტურისტებს იღებს ხუთი სამეზობლო ქვეყნიდან – აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა და ამ ქვეყნების ტურისტები ასაზრდოებს ქვეყანას. დასძენს, რომ მეზობლების მოკლევადიანი ვიზიტები განპირობებულია იმით, რაც მათ არ აქვთ.

„არსებულ ტრადიციულ კურორტებს დაემატა სვანეთის ორი კურორტი, ძალიან მალე კი დაემატება ბეშუმი. ასევე მნიშვნელოვანია ის განცხადებებიც, რომელიც კეთდება ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს ზრდის ტურისტების რაოდენობას. თავისი ბუნებრივი პირობებით საქართველოს მთები გაცილებით მიმზიდველია ვიდრე შავი ზღვა“, – აღნიშნა  ნიკო კვარაცხელიამ.

ნიკო კვარაცხელია საუბრობს სერვისთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, საქართველოში ტურისტები გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სტანდარტები, რაც მომსახურების დაბალ ხარისხს განაპირობებს.

„საქართველოში გაჩნდნენ ტურისტები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ. მაგრამ ტაქსის მძღოლით დაწყებული, ბაზრის გამყიდველით დამთავრებული, ყველა ცდილობს სამჯერ და ოთხჯერ მეტი გადაახდევინოს. ჩამოსული სტუმარი გარკვეული დროის შემდეგ ხვდება, რომ მოატყუეს, რაც შემდგომში ცუდად აისახება ქვეყანაზე. უკმაყოფილო ერთი ტურისტი კი 15 ტურისტზე ავრცელებს საკუთარ უკმაყოფილებას“.

ამის მიზეზად ეკონომიკის დოქტორი ქვეყანაში სტანდარტების არ არსებობას ასახელებს.

„რისთვის უნდა გადაიხადოს  ტურისტმა თანხა სამვარსკვლავიან სასტუმროში თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტები, არ გვაქვს კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ ამ ურთიერთობებს. ასეთი აქტი, კანონის ჩათვლით,  საქართველოში დაახლოებით ხუთი გვექნება, ეს მაშინ, როცა ტურისტული ქვეყნების ტურიზმის კანონმდებლობა რამდენიმე ტომისგან შედგება“.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.