ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
200 ღია კაფე მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან 2022 წლამდე გათავისუფლდა
03 ივნისი, 2021

ღია კაფეები მერიისთვის გადასახდელ საიჯარო თანხას 2022 წლის 1 იანვრამდე არ გადაიხდიან. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, თუმცა ეს ვადა გახანგრძლივდება.

„პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა. ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დავხმარებოდით. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სივრცეები იჯარით ჰქონდათ აღებული. მათ მიეცათ შეღავათი, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლების სახით.

აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, დედაქალაქის მერის თქმით, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადახდა და მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.
 

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.