ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა
22 იანვარი, 2024
2023 წელს, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 013 995 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.
 
გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს (ზრდა 0.05%-ს შეადგენს).
 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 671 198 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წელთან შედარებით 110%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.
 
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 621 514 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წელთან შედარებით 0.75%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99.58%-ს შეადგენს.
 
რაც შეეხებათ ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2023 წლის დაჯამებული მონაცემებით 10 217 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია ვიდრე 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 18%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 225 მგზავრი მიიღო, რაც 16%-ით ჩამორჩება 2022 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობას და 13%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 65%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში კლება 16%-ს შეადგენს. აეროპორტი 14 789 მგზავრს მოემსახურა.
 
2023 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 26 290 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 280-ს, ხოლო ჩარტერების – 5 010-ს. 2022 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, შესრულებული ფრენების ზრდის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.
 
2022 წელთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 58%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა. სულ, გასულ წელს 232 491 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. 2023 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 19 168. 547 ტონა შეადგინა. 2022 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 6%-ით არის გაზრდილი.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.