Pegasus Airlines-ის ოპერირება დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას – მარიამ ქვრივიშვილი
„ძალიან სასიხარულოა, რომ ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა გადაწყვიტა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება კვირაში სამი ფრენის სიხშირით თურქეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას“, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყება.
Pegasus Airlines-ი ქუთაისში ოპერირებას 22 დეკემბრიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს. მარიამ ქვრივიშვილი ამ ფაქტს მორიგ წარმატებას უწოდებს – მისი ინფორმაციით, ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას წინ საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკება უძღვოდა. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, Pegasus Airlines-ის ქუთაისის აეროპორტში ოპერირება ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც, იმერეთის რეგიონს განსაკუთრებით გააძლიერებს.
„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი – წელს იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალურად, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საუკეთესო წელი. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში აქ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას ვიხილავთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
კერძოდ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეტი პირდაპირი ავიარეისები შედგეს ქვეყნისთვის სტრატეგიული სამიზნე მიმართულებებით – ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ყურის ქვეყნებთან და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.
avianews.ge