ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრემიერი: დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი რეგიონული ცენტრი ხდება
07 ოქტომბერი, 2017

პრემიერი Wizzair-ის გადაწყვეტილებას ქუთაისიდან კიდევ 4 მიმართულების დამატებას აფასებს. კმაყოფილია და ამბობს, რომ  დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით.

„კომპანიაWizzair-ის ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მხრიდან, როგორც შემოყვანილი, ისე გაყვანილი ტურისტების რაოდენობა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამატოს ერთი თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2018 წლის მაისიდან ემატება ოთხი ახალი მიმართულება – რომი, პარიზი, ბარსელონა და პრაღა. ჯამში გვექნება 16 მიმართულება 11 ევროპულ ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში ტურისტების შემოყვანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

„აპრილში, პრემიერ-მინისტრის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-უნგრული ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან კავშირის გაფართოების გზები; ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩამოვიყვანოთ მეტი ტურისტი აქ და როგორ უნდა გაიზარდოს ქართველ მოგზაურთა რაოდენობა საზღვარგარეთ. დღეს მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრა მიღწეულ პროგრესზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავის დამატების შესახებ, რომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის – პარიზისა და რომის მიმართულებით; გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით – ბარსელონასა და პრაღაში. ამოქმედდება ოთხი ახალი რეისი და ქუთაისის აეროპორტიდან იფრენს მეორე სამგზავრო თვითმფრინავი, ასევე გაიზრდება შიდა ტურიზმის შესაძლებლობა“, – განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.