მთავრობა სპორტული ტურიზმის განვითარებას გეგმავს. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წლი შემაჯამებელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს შესაძლებელობებსა და მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ 2018 წელი ტურიზმის მიმართულებით წარმატებული იქნება
„საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო დიდია. ჩვენ მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული.
2018 წელს საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი ქვეყანა, საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არ იქნება მხოლოდ რამდენიმე დღით, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, არა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყანა წარვადგინოთ, როგორც, ერთი მხრივ, უძველესი კულტურის ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ დინამიური ქვეყანა, ძალიან სწრაფად და საინტერესოდ განვითარებადი კულტურით, მეცნიერებით და სხვადასხვა მიმართულებით და ეს იქნება წარმატების წელი ამ მიმართულებითაც.
ტურიზმში გვქონდა ძალიან კარგი წელი, 7 მილიონს გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვმა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად და, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც 2018 წელი იქნება ძალიან წარმატებული”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge