ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პროგრამის შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება პრეზენტაცია გაიმართა
30 ნოემბერი, 2015

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" დღეს სასტუმრო "რედისონში" მუნიციპალური პროგრამის, სახელწოდებით "შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება" პრეზენტაცია გამართა. 
როგორც "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა თბილისის საკრებულომ 30 ოქტომბერს დაამტკიცა. 
მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი ამოცანებია - თბილისში რეგისტრირებული და მოქმედი ტურისტული კომპანიებისა და დარგში შემავალი სხვა სუბიექტების გაძლიერება, მათი სიმძლავრეების, დატვირთულობის, უნარების, შემოსავლების, ეფექტიანობისა და მდგრადობის ზრდის ხელშეწყობა; თბილისის, როგორც ტურიზმისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილის პოზიციონირება და პოპულარიზაცია საზღვარგარეთის ბაზრებზე და დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერა. 
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისში ტურიზმის დარგის მდგრად განვითარებას. პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერა გულისხმობს - თბილისში მარკეტინგის ორგანიზაციის შექმნას, სარეკლამო-გაცნობითი ტურების ორგანიზებას, დარგის პერსონალის გადამზადებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რეგულარული საერთაშორისო ტურისტული ღონისძიებების დამკვიდრებას.
"პროგრამა 2 ძირითადი მიმართულების განვითარებას ითვალისწინებს. ეს გახლავთ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით ჩვენს მიზნობრივ სეგმენტებზე და პოტენციური მომხმარებლების დარწმუნებას იმაში, რომ თბილისი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, როგორც საქმიანი, ასევე გართობის და ტურისტული მიზნით ვიზიტებისთვის. მეორე მიმართულებაა, თავად ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის, როგორც ფიზიკური, ასევე მომსახურების სფეროს, განვითარება, ხარისხის ამაღლება და შესაბამისად, ტურისტებისთვის უკეთესად მომსახურება, რაც ასევე მოემსახურება ტურისტების რაოდენობის ზრდას", - განაცხადა მარგიშვილმა.
როგორც "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, ისინი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
"ტურიზმის ადმინისტრაცია მთალიანად საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაზე მუშაობს. ჩვენ თბილისში ვმუშაობთ და ასეთი მიდგომა დასავლეთში აპრობირებულია, როცა უფრო დიდი, მსხვილი სახელმწიფო უწყება მუშაობს უფრო გლობალურ დონეზე და მთლიანად ქვეყნის წარმოჩენას ახორციელებს, ხოლო ჩვენ, როგორც ერთ ქალაქზე ორიენტირებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უწყება, შედარებით უფრო კონკრეტული ჯგუფებისა და სეგმენტების მოზიდვაზე ვმუშაობთ. ასე, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" დღემდე და მომავალშიც ერთმანეთის საქმიანობას შევავსებთ", - განაცხადა მარგიშვილმა და დასძინა, რომ შემომყვანი ტურიზმისთვის წლიურად საშუალოდ 830 000 ლარი დაიხარჯება. 
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, აღნიშნული პროგრამის მიზანია ტურიზმის განვითარება.
"ეს პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას ითვალიწინებს. პირველი არის ის, რომ ქალაქს ჰქონდეს თავისი ბრენდისა და მარკეტინგის პლატფორმა. ასეთი ანალოგიები ყველა ქვეყანაშია, მათ შორის, ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა - საფრანგეთი. პარიზი ცალკე მარკეტინგული ინსტრუმენტებითაა წარმოდგენილი. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქმიანი ტურიზმი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან წარმოადგენს საკონვენციო ბიუროს. მერიასთან თანამშრომლობით მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნიდან საქმიანი ტურიზმის მოზიდვა უფრო აქტიურად მოხდება", - განაცხადა ჩოგოვაძემ. 
პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მერიის, საკრებულოს, დიპლომატიური კორპუსისა და უცხოური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.