ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ-აზერბაიჯანული მხარეების პოზიციები განჯის ჭიშკრის დაბრუნებაზე
09 თებერვალი, 2022

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა, ქალაქ განჯაში 3 თებერვლის ვიზიტის დროს ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს.

“განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნების საკითხი, საქართველოში ჩემი შარშანდელი ვიზიტის დღის წესრიგში იდგა. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. როგორც ცნობილია, არსებობს სახელმწიფოთაშორისი კომისია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს”, – განუცხადა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ანარ ქერიმოვმა, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა.

განჯის ჭიშკრის დაბრუნების საკითხზე ქართული მხარის პოზიციის გასაგებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, საიდანაც კულტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს. კულტურის სამინისტრომ – საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.) 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი კი, გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი. ფრაგმენტი ქართული წარწერით დღემდე გელათშია დაცული. ის შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული. დამზადებულია თუჯისა და რკინისაგან, მოპირკეთებულია ორნამენტებით და მოხატულობით.

აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის დაბრუნების საკითხზე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადების საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. 

“აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქრთველოსა და აზერბაჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში”, – აცხადებს სამინისტროს პრესსპიკერი, მარი ნარჩემაშვილი.

netgazeti.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.