12 გიდს საერთაშორისო ტრენერები ამზადებენ. სასწავლო კურსი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 8 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს დასრულდება.
ადმინისტრაციის ცნობით, სწავლების პირველი ეტაპი თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავს. ტრენინგი წინასწარ შერჩეულ მუზეუმებში, ძველი თბილისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე გაიმართება.
მეორე ეტაპზე გიდებს ტესტირება ჩაუტარდებათ და გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაციას გაივლიან.
WFTGA-ს აკრედიტირებულ ტრენერებს უფლება ექნებათ გიდის პროფესიის შემსწავლელი კურსები ჩაატარონ. ტრენინგის მონაწილეებს ეროვნულ მუზეუმში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა:
„ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წამყვანი სპეციალისტები კურსს უტარებენ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც ჩამოყალიბდებიან გიდების ტრენერებად. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი გიდი გადავამზადოთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით,“ - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge